ალბანეთის თავდაცვის სამინისტროსთან მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოსა და ალბანეთის თავდაცვის მინისტრებმა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი მოაწერეს.
როგორც ალბანეთის თავდაცვის მინისტრმა მიმი კოდელმა აღნიშნა, საქართველო ალბანეთის მოკავშირეებისა და პარტნიორების ნუსხის სათავეშია და აღნიშნული მემორანდუმის ხელმოწერით ეს ურთიერთობა კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადავიდა.
ორმხრივ შეხვედრაზე თინათინ ხიდაშელმა ალბანელ კოლეგას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. გადაწყდა, რომ ალბანეთი კიდევ უფრო აქტიურად გააგრძელებს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში მონაწილეობას. ალბანეთის თავდაცვის მინისტრმა მიმი კოდელმა საქართველოს თავდაცვის მინისტრს და ქართველ სამხედროებს საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ალბანეთი, ნატოს წევრი ქვეყანა, მხარს უჭერს საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფებას.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, თინათინ ხიდაშელმა და მიმი კოდელმა მედიის წარმომადგენლებისთვის პრესკონფერენცია გამართეს. “თქვენ ჩვენი სრული მხარდაჭერა გაქვთ ამ გზაზე”,- აღნიშნა ალბანეთის თავდაცვის მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები