ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტში პროექტი – „ლექციები ჯარში“ გაიმართა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ინიცირებული და აჭარის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის ფარგლებში – „ლექციები ჯარში“, ბათუმის ნავიგაციის უნივერსიტეტში სამხედრო მოსამსახურეებისთვის გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე – “საბრძოლო სტრატეგია და ტაქტიკა ძველ საქართველოში”.
ლექცია ჯარისკაცებისთვის პროფესორმა, ისტორიკოსმა ნაირა ტაბიძემ წაიკითხა. ნავიგაციის უნივერსიტეტი მომავალში კიდევ ოთხი ამგვარი ლექციის ჩატარებას გეგმავს.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ორი დღის წინ სხვადასხვა სამხედრო დანაყოფის ჯარისკაცებისათვის ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო ლექციების ციკლი დაიწყო. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორ-მასწავლებლები სამხედრო მოსამსახურეებს ლექციებს ისეთ აქტუალურ საკითხებზე წაუკითხავენ, როგორიცაა: „საბრძოლო ხელოვნების ისტორია“, „გეოპოლიტიკა“, „საერთაშორისო ორგანიზაციები“, „პირველადი გადაუდებელი სამედიცინო დახმარება“, „სურსათი – სარგებელი და საფრთხე“, „საქართველოს ისტორია“ და სხვა.
ლექციების ციკლი სპორტული შეჯიბრებებით დასრულდება, ღონისძიების ფარგლებში გაიმართება პირველობა მინიფეხბურთსა და მკლავჭიდში.