ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის მონაწილეები სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრნენ
ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსის ოფიციალურ გახსნამდე სემინარის მონაწილეები ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრნენ. თეორიული ნაწილის გაცნობის შემდეგ თავდაცვის სამინისტროს, გენერალური შტაბისა და სხვა სამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელ თანამდებობებზე მომუშავე პირებმა, ჟურნალისტებმა, საკანონმდებლო ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს და სასწავლო ქვედანაყოფის შესაძლებლობებს პირადად გაეცნენ.
თავდაცვის სამინსტროს ინფორმაციით, კურსის მონაწილეები სიმულაციურ კლასებშიც იმყოფებოდნენ, სადაც რპგ-7 ტიპის ხელის ტანკსაწინააღმდეგო ყუმბარმტყორცნიდან და მ-4 ტიპის საიერიშო შაშხანიდან ისროლეს. მოგვიანებით „კრწანისის“ სტუმრებმა საარტილერიო სკოლაში გადაინაცვლეს და არტილერისტების მიერ მოწინააღმდეგის განადგურების სიმულაციას
დურბინდით დააკვირდნენ.
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ სტუმრობა სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად „ჯარისკაცის ულუფის“ დაგემოვნებით დასრულდა.
ცნობისთვის, ეროვნული თავდაცვის უმაღლესი კურსი კაჭრეთში, სასტუმრო „ამბასადორში“ ხვალ ოფიციალურად გაიხსნება. დღეს კი მონაწილეებს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე, ესტონეთის ელჩი საქართველოში პრიტ ტურკი და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ თავდაცვის უწყებაში მიესალმნენ და წარმატებები უსურვეს. უწყების ცნობით, ოთხდღიანი სემინარის განმავლობაში მსმენელები თანამედროვე საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემასა და გამოწვევებს, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს ინტეგრაციის პროცესსა და თავდაცვის პოლიტიკის პრიორიტეტებს გაეცნობიან, მიიღებენ პასუხებს მნიშვნელოვან და აქტუალურ თემებზე. კონფერენციის პარალელურად მონაწილეებს სიმულაციურ კრიზისის სცენარზეც მოუწევთ მუშაობა.