გენშტაბის უფროსი და კიბერუსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელი საველე სწავლებას დაესწრნენ
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და თავდაცვის სამინისტროს კიბერუსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელი ანდრია გოცირიძე ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე არასამთავრობო ორგანიზაცია „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის“ საველე სწავლებას დაესწრნენ.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ახალგაზრდული ლეგიონის წარმომადგენლებს გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სპეციალური ლექცია ჩაუტარა და სამხედრო დაზვერვის შესახებ ესაუბრა, გააცნო სამხედრო დაზვერვის სხვადასხვა ტექნიკური დეტალებიც. მოგვიანებით ახალგაზრდებმა სპორტულ და სამხედრო ვარჯიშებშიც მიიღეს მონაწილეობა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი არასამთავრობო ორგანიზაცია „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის“ საველე სწავლებას უკვე მეორედ დაესწრო. ახალგაზრდები ცოტა ხნის წინ კიბერუსაფრთხოების ბიუროშიც იმყოფებოდნენ. სადაც ბიუროს ხელმძღვანელმა ანდრია გოცირიძემ საქართველოს კიბერსაფრთხეების, კიბერუსაფრთხოების ბიუროს ფუნქციების, სამომავლო გეგმებისა და შესაძლებლობების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა.
„გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის“ მთავარი მიზანი ახალგაზრდებისთვის ექსტრემალურ ბუნებრივ პირობებთან გამკლავება, სალაშქრო საქმე, ტოპოგრაფია, ისტორია, გეოგრაფია და სამხედრო საქმის საბაზისო კომპონენტების შესწავლაა.