გიორგობის დღესასწაული ქართულმა ქვედანაყოფმა შეიარაღებული ძალების დელეგაციასთან ერთად აღნიშნა

გიორგობის დღესასწაული ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე დისლოცირებულმა ქართულმა ქვედანაყოფმა საქართველოს შეიარაღებული ძალების დელეგაციასთან ერთად აღნიშნა. ეროვნული გვარდიის სარდალი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე, სახმელეთო ჯარების დასავლეთის სარდალი, პოლკოვნიკი მიხეილ სადუნიშვილი, II ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი დავით ფოფხაძე და III ბრიგადის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი როლანდ კიკნაველიძე სამხედროებთან ერთად ბაზის ტერიტორიაზე მოქმედ სამლოცველოში წირვას დაესწრნენ.
საღვთო ლიტურგია მამა ავთანდილმა აღასრულა. წირვას უცხოელი სამხედრო და სამოქალაქო პირებიც დაესწრნენ. დელეგაციის წევრები 22-ე ბატალიონისა და ეროვნული გვარდიის სწრაფი რეაგირების მეორე ქვეითი ოცეულის საცხოვრებელ პირობებსაც გაეცნენ და სამხედროებს პირადად გაესაუბრნენ. მოგვიანებით შეიარაღებული ძალების მაღალი რანგის ოფიცრებისთვის 22-ე ბატალიონის შტაბში საინფორმაციო ბრიფინგი ჩატარდა. სტუმრები დეტალურად გაეცნენ ქვედანაყოფის პასუხისმგებლობის რაიონში არსებულ ოპერატიულ ვითარებას. II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას 2015 წლის ოქტომბრიდან ასრულებს. ბატალიონის უმთავრეს ამოცანას ბაზის შიდა და გარე უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები