კევინ ბაფორდი: ვუერთდებით ინიციატივას – „მხარი მხარს“ და მზად ვართ, გამოცდილება გავუზიაროთ კოლეგებს

სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერის პროგრამის – „მხარი მხარს“ ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის უწყებას სამუშაო ვიზიტით აშშ-ის ევროპული სარდლობის ფსიქიატრი ესტუმრა. კევინ ბაფორდმა თავდაცვის უწყების სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულსა და სსიპ-ებში მომუშავე სპეციალისტებს ერთი კვირის განმავლობაში ტრენინგი ჩაუტარა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სტუმარმა სემინარის მონაწილეებს აშშ-ის შეიარაღებული ძალების ფსიქოლოგიური დახმარების სისტემა გააცნო. სემინარის განმავლობაში შეიარაღებულ ძალებში სუიციდისა და სუიციდის პრევენციის, ასევე, პოსტტრავმული სტრესის, დეპრესიის, თავის ტვინის დაზიანებებისა და ტრავმული შემთხვევების თემებზე იმსჯელეს. ტრენინგზე ასევე ისაუბრეს ფარმაკოთერაპიაზე, შფოთვით აშლილობებზე, ადამიანის ფსიქოლოგიურ კეთილდღეობაზე კვების გავლენასა და ძილის აქტივობაზე. აშშ-ის ევროპული სარდლობის ფსიქიატრს ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტმა უმასპინძლა.
დეპარტამენტის უფროსის, გიორგი სიხარულიძის განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეთა ფსიქოლოგიური კეთილდღეობა თავდაცვის უწყების პრიორიტეტია და ამ მიმართულებით პარტნიორი სახელმწიფოების მხარდაჭერა, მათი ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება ძალიან მნიშვნელოვანია.
თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება კევინ ბაფორდმაც.
„ჩვენი ვიზიტის მიზანია, ერთმანეთს გამოცდილება გავუზიაროთ და კიდევ უფრო დავხვეწოთ არსებული სისტემა, განსაკუთრებით კი ფსიქოლოგიური ჯანმრთელობის მიმართულებით. აქ ყველა ძალიან დიდი ენთუზიაზმით უდგება საქმეს. მიუხედავად იმისა, რომ ორგანიზაცია მხოლოდ ორი წელია არსებობს, უკვე ძალიან ბევრი სამუშაო აქვს ჩატარებული. ჩვენ ვუერთდებით ინიციატივას – „მხარი მხარს“ და მზად ვართ, გამოცდილება გავუზიაროთ ჩვენს კოლეგებს“,- განაცხადა აშშ-ის ევროპული სარდლობის ფსიქიატრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები