სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე სასწავლო ცენტრის პირად შემადგენლობას თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა წარუდგინა.
თავდაცვის მინისტრმა სამწყობრო მოედანზე შეკრებილ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ბაზაზე შექმნილ ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.
„ჩვენ დღეს ახალი მეთაური წარვადგინეთ კრწანისის სასწავლო ცენტრში. მოგეხსენებათ, აქ ცოტა ხნის წინ ერთობლივი საწვრთნელი ცენტრის გახსნის ცერემონია იყო. გვაქვს ამოცანა, რომ მომავალი წლის გაზაფხულისთვის უკვე მივიღოთ პირველი კონტინგენტი, რომელიც აქ ნატოს სტანდარტის წვრთნებს გაივლის. წვრთნებში ჩაერთვებიან როგორც ქართველი სამხედროები, ისე ჩვენი პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენლები. სასწავლო ცენტრის ამოქმედება მნიშვნელოვანი იქნება იმ გამოწვევების თვალსაზრისით, რომელიც საქართველოს და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებული ძალების წინაშე დგას… დარწმუნებული ვარ, რომ პოლკოვნიკი ჭელიძე და ჩვენი ახალგაზრდა ოფიცრები საუკეთესოდ მოახერხებენ, რომ იმ პროცესის შედეგად, რომელსაც ნატოსთან ერთად ვახორციელებთ, 21-ე საუკუნის ქართული ჯარი გვყავდეს“, – განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.
პოლკოვნიკ გრიგოლ ჭელიძის წარდგენის შემდეგ თავდაცვის მინისტრი ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ სიმულაციურ სასწავლო ცენტრს ეწვია.
სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ახლად დანიშნული ხელმძღვანელი, პოლკოვნიკი გრიგოლ ჭელიძე ამ დრომდე აღმოსავლეთ სარდლის მოვალეობას ასრულებდა. ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ პოლკოვნიკმა ჭელიძემ პოლკოვნიკი ლევან ბერია შეცვალა, რომელიც წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლის თანამდებობაზე დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები