ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გეგმური სამხედრო წვრთნები გაიმართა
ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გეგმური სამხედრო წვრთნები გაიმართა. სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი მონაწილეობდა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ქართული ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა აქტიური მომზადება გაიარეს ისეთ საკითხებში, როგორიცაა დაშავებულის პირველადი სამედიცინო დახმარება და ევაკუაცია, სწრაფი რეაგირება, აერომობილური მზადება და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლა. ქართველ სამხედროებს წვრთნები კონტაქტზე რეაგირებაში, გადაადგილებისას რელიეფზე პოზიციების შერჩევასა და სექტორების კონტროლშიც ჩაუტარდათ. წვრთნები სისტემატური ხასიათისაა და მიზნად ისახავს სამხედრო უნარ-ჩვევების კიდევ უფრო დახვეწას.
22-ე ბატალიონის ხელმძღვანელობის შეფასებით, ქართული ქვედანაყოფი სრულ მზადყოფნაშია მასზე დაკისრებული ამოცანების მაღალ დონეზე შესასრულებლად.
საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ასრულებს. ბატალიონის მთავარ ამოცანას ბაზის შიდა და გარე უსაფრთხოების დაცვა წარმოადგენს