24-26 მარტს საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტი გაიმართება

  24-26 მარტს საქართველოში ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ვიზიტი გაიმართება. ვიზიტის ფარგლებში, 24 მარტს პოლიტიკური კომიტეტისა და საქართველო-ნატოს საპარლამენტთაშორისო საბჭოს წევრები ნატოს სამეკავშირეო ოფისს ეწვევიან, სადაც მრგვალი მაგიდა გაიმართება. ალიანსის წარმომადგენლები ასევე გამართავენ შეხვედრას ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წევრებთან. შეხვედრაზე საქართველოს შიდა რეფორმებს, საერთაშორისო უსაფრთხოებასა და ნატო-ს როლზე, ასევე რეგიონულ სტაბილურობაში საქართველოს როლზე ისაუბრებენ.
დელეგაციის წევრები საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილს, თავდაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დარჩიაშვილს და პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილს ეწვევიან.
დღის ბოლოს სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში” სტუდენტებთან შეხვედრა გაიმართება. ვიზიტის მეორე დღეს ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრები არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და დამოუკიდებელ ექსპერტებს შეხვდებიან, რომელთა შორის ვასილ სიხარულიძე, ნიკა ჩიტაძე, ირაკლი მენაღარიშვილი, ალექსანდრე რონდელი, კახა გოგოლაშვილი, თორნიკე შარაშენიძე, ვახტანგ მაისაია, ეკა გოგუაძე, მარინა მუსხელიშვილი, თამარ გვარამიძე, ნინო ლომჯარია, თეონა აქუბარდია და გია ნოდია არიან. ასევე გაიმართება შეხვედრები პრემიერის სპეციალურ წარმომადგენელ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძესთან, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველ მოადგილე დავით დონდუასთან, ნატო-სა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელ ელენე გოცაძესთან და სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივან მინდია ჯანელიძესთან.
სტუმრები ვაზიანის სამხედრო ბაზასაც მოინახულებენ, ასევე დაგეგმილია გამგზავრება საქართველო-სომხეთის საზღვარზე სასაზღვრო პოლიციის მუშაობის გაცნობის მიზნით, სოფელ ოძისის მონახულება, ევროკავშირის მონიტორინგის მისიის სათაო ოფისში სტუმრობა და მისიის ხელმძღვანელის მოადგილე რაიან გრისტთან შეხვედრა, რის შემდეგაც მისიის მანდატისა და საქმიანობის შესახებ ბრიფინგი გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები