თავდაცვის სამინისტროს იტალიელი საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრები სტუმრობენ
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იტალიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის საზოგადოების ინფორმირების ოფისის ოფიცრები სტუმრობენ.
ვიზიტის მიზანი ქართველი კოლეგებისთვის გამოცდილების გაზიარება და სამომავლო თანამშრომლობის გეგმების დასახვაა. იტალიელი ოფიცრები საქართველოს სამხედრო სფეროში ორმხრივი თანამშორმლობის გეგმის ფარგლებში ეწვივნენ.
ვიცე-პოლკოვნიკები – მარიო რენა და მარიო პალაცი საქართველოს თავდაცვის უწყების საზოგადოების ინფორმირების პოლიტიკას, სტრატეგიული კომუნიკაციებისა და მასმედიასთან ურთიერთობის მიმართულებებსა და სამოქალაქო მისაღების მუშაობის პროცესს პირადად გაეცნენ. სტუმრებმა თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს იტალიის თავდაცვის სამინისტროსა და შეიარაღებული ძალების საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების მუშაობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს და მათ შეკითხვებს უპასუხეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთაშორისო მისიებში მონაწილეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირებას და მედიის წარმომადგენლებთან თანამშრომლობას. იტალიელმა ოფიცრებმა მისიებში გამგზავრებამდე ჟურნალისტებისთვის სპეციალური ტრენინგების გამართვის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება. ვიცე-პოლკოვნიკმა მარიო პალაციმ, რომელიც ინტერნეტგამოცემის მიმართულებას ხელმძღვანელობს, სოციალური ქსელების მნიშვნელობაზე ისაუბრა. ხოლო, ვიცე-პოლკოვნიკმა მარიო რენამ ქართველ კოლეგებს იტალიის შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის ბეჭდური გამოცემების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
ვიზიტის ფარგლებში იტალიელი ოფიცრები დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიასაც ესტუმრნენ. იტალიელი საზოგადოებასთან ურთიერთობის ოფიცრები სამხედრო-ანალიტიკურ ჟურნალ „არსენალის“ მთავარ რედაქტორს შეხვდნენ და საზოგადოებრივ მაუწყებელშიც იმყოფებოდნენ.