ქართველი ოფიცრები ლიტვაში მრავალეროვნულ სწავლებაში მონაწილეობენ
ლიტვაში ნატოს ეგიდით მრავალეროვნული საერთაშორისო სწავლება „Iron Sword 2015“ დაიწყო.
საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის შტაბის ოფიცრები, ვიცე-პოლკოვნიკები – მამუკა მჭედლიძე, იოსებ მაისურაძე და მალხაზ შავაძე საერთაშორისო სწავლებაში დამკვირვებლის სტატუსით მონაწილეობენ.
სწავლებაში, რომელიც გენერალ სილვესტრას ჟუკაუსკასის საწვრთნელ ბაზაზე, პაბრეიდში მიმდინარეობს, ქართველ ოფიცრებთან ერთად 9 ქვეყნის წარმომადგენელი 2 ათასი სამხედრო მოსამსახურეა ჩართული. ეს ქვეყნებია: კანადა, ჩეხეთი, გერმანია, უნგრეთი, ლატვია, ლიტვა, პოლონეთი, გაერთიანებული სამეფო და აშშ.
„Iron Sword 2015“ თავდაცვითი და შეტევითი ოპერაციების განსახორციელებლად ნატოს მეკავშირე ძალების კოორდინირებულ მოქმედებასა და მზადყოფნას ისახავს მიზნად.
სწავლების ფარგლებში ქართველი ოფიცრები ლიტვისა ეროვნული თავდაცვითი მოხალისეთა ძალების შტაბის წარმომადგენლებთანაც გამართავენ შეხვედრას. მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებსა და ურთიერთობის სამომავლო გეგმებს განიხილავენ. საუბარი ასევე შეეხება კიბერუსაფრთხოების სფეროში რეზერვის ჩართულობას.