ნატოს სტრატეგიული დაგეგმარების პროცედურების შესახებ სემინარი ჩატარდა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში ნატოს სტრატეგიული დაგეგმარების პროცედურების შესახებ სემინარი ჩატარდა.
სემინარს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში შექმნილი ნატოს ძირითადი ჯგუფის სტრატეგიული და ოპერატიული დაგეგმვის მრჩეველი, პოლკოვნიკი შკელქიმ ჩელა უძღვებოდა.
კურსს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბისა და სარდლობების წარმომადგენლები დაესწრნენ. J3 ოპერატიული დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის არჩილ ომიაძის განცხადებით, მსგავსი სემინარები ქართველი სამხედროების ნატოს სტანდარტებთან თავსებადობის თვალსაზრისით საკმაოდ მნიშვნელოვანია.
„ნატოს სტრატეგიული დაგეგმარების პროცედურების შესახებ სემინარზე განიმარტა თუ რა საფეხურებს მოიცავს და რა ეტაპებისგან შედგება დაგეგმვის სტრატეგიული დოკუმენტები და როგორ მიმდინარეობს ნატოს წევრ ქვეყნებში დაგეგმვის პროცესი. სტრატეგიული დაგეგმვის მიმართულებით მუშაობის გაუმჯობესება და დახვეწა ხელს შეუწყობს ქართველი და ნატოს წევრი ქვეყნების ოფიცრების ურთიერთთავსებადობას“, – აღნიშნა პოლკოვნიკმა არჩილ ომიაძემ.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში გამართულ სემინარს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში შექმნილი ნატოს ძირითადი ჯგუფის ლიდერი საქართველოში, პოლკოვნიკი ტორსტენ კიოლერიც დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები