თავდაცვისა და კულტურის სამინისტროები თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს გააფორმებენ
7 ნოემბერს, 15:00 საათზე, კოჯორში, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე ორ უწყებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
მემორანდუმის საფუძველზე, სამხედრო ნაწილებში, კულტურის სამინისტროს ინიციატივით, გრძელვადიანი პროექტი „ცოცხალი წიგნები ჯარში“ განხორციელდება. პროექტის ფარგლებში თანამედროვე ქართველი მწერლები შეიარაღებული ძალების სამხედრო ქვედანაყოფებს ესტუმრებიან და ჯარისკაცებს საკუთარ შემოქმედებას გააცნობენ. პირველი შეხვედრა 7 ნოემბერს, მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ, კოჯორში, სერჟანტთა მომზადების ცენტრში გაიმართება. სამხედროებს ქართველი მწერლები მათ შორის, კატო ჯავახიშვილი, ნიკა ჯორჯანელი, ზვიად რატიანი, დათო ყანჩაშვილი, გიორგი არაბული, სოსო მეშველიანი, შოთა იათაშვილი, თამარ ფხაკაძე, ნინია სადღობელაშვილი, ბექა ქურხული, გაგა ნახუცრიშვილი, მარიამ წიკლაური და პროექტის ხელმძღვანელი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე ესტუმრებიან.