სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხი საჯარო განხილვის შედეგად გადაწყდება

2016 წლიდან საქართველოში სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის საკითხი საჯარო განხილვის შედეგად უნდა გადაწყდეს.
იმ შემთხვევაში, თუ გაწვევა დარჩება, თავდაცვის სამინისტრო სადისკუსიო მაგიდას სამი მთავარი საკითხით შეუერთდება – ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში ანგარიშის წარდგენის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„იყო ვითარება და მოცემულობა, როდესაც საქართველოს ხელისუფლებამ აიღო ვალდებულება გაწვევის გაუქმებაზე – აბსოლუტურად მართებული გადაწყვეტილება. გაწვევა საერთოდ გაუქმებული იყო ბალტიისპირეთის ქვეყნებში, მაგრამ დააბრუნეს იმ გამოწვევებიდან გამომდინარე, რომელიც ამ ქვეყნებს გაუჩნდათ დღეს. მე არ ვემხრობი გაწვევის დატოვებას, მაგრამ თუკი უმრავლესობა ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, თავდაცვის სამინისტროს აქვს კონკრეტული პოზიციები ამ საკითხზე.
ჩვენ ვფიქრობთ, რომ თუ ვიწვევთ ახალგაზრდას ჯარში, მან უნდა გაიაროს სრული საწვრთნელი კურსი, რომ უპასუხოს ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებს. საქართველოში ეს სისტემა ყოველთვის მახინჯი იყო და არასდროს პასუხობდა ჯარის რეალურ ამოცანებს. ჩვენ გვინდა, ეს შევცვალოთ. თუ რჩება გაწვევა, ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ხალხი აღარ იქნება ყარაულში. ისინი იქნებიან ქვეყნის სამსახურში კონსტიტუციური მოვალეობის შესრულების პროცესში, როგორც ამას ამბობს ქვეყნის კონსტიტუცია.
მეორე, თუკი საჯარო დაწესებულებები ვიღებთ ვალდებულებას, რომ თანამშრომელს, რომელსაც ჯარში იწვევენ, უნარჩუნდება სამსახური ჯარის დასრულებამდე, ეს ვალდებულება აუცილებელი პირობა უნდა იყოს ნებისმიერი დამსაქმებლისთვის.
მესამე, ეს არის ვადები. ვფიქრობ, ერთი წელი ძალიან ბევრია იმ პირობებშიც კი, თუ დავტოვებთ გაწვევას. თავისუფლად შეგვიძლია, ეს დრო გავანახევროთ და სამხედრო სამსახურის 6-თვიანი სრული საწვრთნელი კურსი შევთავაზოთ ახალგაზრდებს“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები