ირაკლი ღარიბაშვილი: ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ჯარისკაცებით
ჩვენ ვამაყობთ ჩვენი ჯარისკაცებით, რომლებიც ნატოს სამხედრო მოსამსახურეების გვერდით დგანან საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვილნიუსში, „ნატოს“ ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრში სტუმრობისას განაცხადა.
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი ცენტრის საქმიანობას გაეცნო და ქართველ ოფიცრებს შეხვდა, რომლებიც ლიტვის თავდაცვის სამინისტროს აკადემიაში სწავლობენ.
სამხედრო სასწავლებელში ინგლისური ენისა და საშტაბო-სამეთაურო კურსს 5 ქართველი სამხედრო მოსამსახურე გადის.
„საქართველო ნატოს რიგით მეორე კონტრიბუტორია და ჩვენ გვყავს საამაყო ჯარისკაცები, რომლებიც თქვენს გვერდით დგანან. აგვისტოში საქართველოში იმყოფებოდა ნატოს გენერალური მდივანი, ჩვენ გავხსენით ერთობლივი წვრთნისა და შეფასების ცენტრი და განვაგრძობთ ჩვენი შეიარაღებული ძალების რეფორმას. ჩემთვის დიდი პატივია ვილნიუსში ჩვენს ახალგაზრდა ჯარისკაცებთან შეხვედრა, რომლებიც ემსახურებიან საერთაშორისო მშვიდობას და უსაფრთხოებას“, – განაცხადა პრემიერმა.
ცენტრის საქმიანობის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრს ცენტრის დირექტორმა, პოლკოვნიკმა გინტარას ბაგდონასმა პრეზენტაცია წარუდგინა.
მისი განმარტებით, ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიზანია ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებზე სამეცნიერო, ტექნიკური და აკადემიური ექსპერტიზისა და ანალიზის წარმოება და ნატოს სტრატეგიული სარდლობის და ნატოს წევრი სახელმწიფოების კვალიფიციური რჩევებით უზრუნველყოფა. პოლკოვნიკმა პრემიერ-მინისტრს საქართველოს მიერ ცენტრის საქმიანობაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. „ნატოს“ ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრის წევრი სახელმწიფოები არიან – ლიტვა, ლატვია, ესტონეთი, იტალია, თურქეთი, დიდი ბრიტანეთი და საქართველო. საქართველო ნატო-ს ენერგეტიკული უსაფრთხოების ცენტრს 2014 წლის 16 ოქტომბერს შეუერთდა.
ორგანიზაციაში საქართველო, სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის, “დელტას” ექსპერტით არის წარმოდგენილი. საქართველოს მთავრობის მეთაურმა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებთან და შტაბის წევრებთან სამახსოვრო ფოტო გადაიღო და საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერი გააკეთა.