სერჟანტებისთვის ნატოს კვირეულის ფარგლებში სემინარი გაიმართა

გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრში სერჟანტებისთვის ინფორმაციულ-საგანმანათლებლო შეხვედრა – „ჩვენი ევროპული არჩევანი: ევროპული ღირებულებები, ევროატლანტიკური ინტეგრაცია“ გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო და შუალედური კურსების მსმენელებისთვის სემინარი ნატოს კვირეულის ფარგლებში ჩატარდა.
შეხვედრაზე საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობასა და მექანიზმებზე, მომავალ წელს ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტთან დაკავშირებით საქართველოს მოლოდინებზე, ამ პროცესში თავდაცვის სექტორში მიმდინარე რეფორმებსა და პარლამენტის როლზე იმსჯელეს.
სემინარის მომხსენებლები იყვნენ: საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი, თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის უფროსი გიორგი შაიშმელაშვილი, „საინფორმაციო ცენტრის ნატოსა და ევროკავშირის შესახებ“ დირექტორი ელენე გოცაძე, საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე თორნიკე ფარულავა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხთა კოორდინაციის დეპარტამენტის უფროსი ნატა ქორიძე.
სერჟანტებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. სამხედრო მოსამსახურეების შეკითხვები, ძირითადად, საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებს, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ალიანსში გაწევრიანების შემთხვევაში საქართველოში არსებული ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარების საკითხებს დაეთმო. მომხსენებლებსა და სერჟანტებს შორის ფართო დისკუსიაც გაიმართა თუ რამდენად შეიძლება იყოს ნატო უსაფრთხოების გარანტი საქართველოსთვის.
სერჟანტთა მომზადების ცენტრში სემინარი „ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ ორგანიზებით ჩატარდა. მისი მიზანი სერჟანტებისთვის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შესახებ უახლესი ინფორმაციის მიწოდება და აღნიშნულ პროცესში მათი ჩართვაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები