ვაზიანის სამხედრო ბაზაზე IV მექანიზებული ბრიგადის იუბილე გაიმართა
IV მექანიზებულ ბრიგადას დაარსებიდან 24 წელი შეუსრულდა. საზეიმო ღონისძიება ვაზიანის სამხედრო ბაზაზე გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, IV მექანიზებული ბრიგადის პირად შემადგენლობას იუბილე საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ებრალიძემ და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ პირადად მიულოცეს.
„საშუალება მოგვეცა, დაგვეთვალიერებინა ბრიგადის სამხედრო ტექნიკა. გავეცანით ბრიგადის წარმატებებსა და პრობლემებს. დღეს ამ ბრიგადისთვის დღესასწაულია და კიდევ ერთხელ ვულოცავთ მთელს პირად შემადგენლობას დაბადების დღეს“, – განაცხადა დავით ებრალიძემ.
ღონისძიება ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა საქართველოს სახელმწიფო ჰიმნით გახსნა. პირადმა შემადგენლობამ და მოწვეულმა სტუმრებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ ქართველ სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას.
ცერემონიის ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ მოწვეული სტუმრებისთვის ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი წარმოდგენა გამართა. ქვედანაყოფებს შორის კი შეჯიბრება მოეწყო ბაგირის გადაწევასა და გირის აწევაში.
საზეიმო დღის ბოლოს შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ფოლკლორულმა ანსამბლმა „ფარიმემ“ IV მექანიზებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებისთვის კონცერტი გამართა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმების მიზანია თეატრისა და კინოს უნივერსიტეტსა და თავდაცვის სამინისტროს ინტეგრირება ურთიერთსარგებლობის საფუძველზე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გამოცდილებისა და შესაძლებლობების გასაზიარებლად სამხედრო უწყებასთან სტუდენტების დაახლოება.
IV მექანიზებული ბრიგადის იუბილეს სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებიც დაესწრნენ. სპეციალურად მათთვის ბრიგადის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყო.
IV მექანიზებული ბრიგადა 1991 წელს შინაგანი ჯარების ბაზაზე ჩამოყალიბდა და მას პირველი ოპერატიული პოლკი ეწოდებოდა. 1992-1993 წლებში პირველი ოპერატიული პოლკი პირველ ოპერატიულ ბრიგადად გარდაიქმნა.
2004 წელს პირველი ოპერატიული ბრიგადის ბაზაზე შეიქმნა მეოთხე ქვეითი ბრიგადა, 2013 წელს კი მექანიზებულ ბრიგადად გადაკეთდა.