ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორმა თავდაცვის უწყებაში ლექცია ჩაატარა

თავდაცვის სამინისტროს მოწვევით საქართველოში ვიზიტით ლონდონის უნივერსიტეტის სისხლის სამართლის პროფესორი კევინ ჰელერი იმყოფება.
კევინ ჰელერმა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნული თავდაცვის აკადემიის პროფესიული განვითარების ცენტრში ლექცია ჩაატარა თემაზე – „სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ ინიცირებული გამოძიება საქართველოში არსებულ მდგომარეობაზე“.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ლექცია დისკუსიისა და დებატების ფორმატში წარიმართა. თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის სტრუქტურული ერთეულების წარმომადგენლები, ბრიტანელ პროფესორთან ერთად, საქართველოსთვის აქტუალურ თემაზე მსჯელობდნენ.
„საქართველოში ვიმყოფები, რათა თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის წარმომადგენლებს ლექცია ჩავუტარო ძალიან მნიშვნელოვან და დროულ თემაზე, როგორიცაა ომის დანაშაულები და დანაშაულები კაცობრიობის წინაშე, რომელიც გამოვლინდა 2008 წლის ომის დროს. ჯერჯერობით არ ვიცით გამოძიების შედეგები; ეს არის პირველი გამოძიება, რომელსაც ატარებს საერთაშორისო კრიმინალური სასამართლო და შედეგები ძალიან საინტერესო იქნება“, – განაცხადა პროფესორმა.
ბრიტანელმა სტუმარმა დღეს ლექცია ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამეთაურო საშტაბო კურსის მსმენელებსაც წაუკითხა. საქართველოში ერთკვირიანი ვიზიტის ფარგლებში კევინ ჰელერი, ლექციის წაკითხვის მიზნით, საქართველოს დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიას, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს, ასევე, სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელს ესტუმრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები