V ქვეით ბრიგადას დაარსებიდან 8 წელი შეუსრულდა

იუბილე გორში ბრიგადის სამწყობრო მოედანზე საზეიმო ცერემონიალით აღინიშნა. V ბრიგადის პირად შემადგენლობას ბრიგადის დაარსებიდან 8 წელი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ მიულოცა.
„ეს ბრიგადა დღეს ისევ და ისევ იმყოფება ბრძოლის წინა ხაზზე. წარმატებები, რომელსაც ბრიგადა საბრძოლო მომზადებაში მიაღწევს ჩვენი ქვეყნის წარმატებაში შეტანილი უდიდესი წვლილი იქნება“, – აღნიშნა გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ.
როგორც „კვირას“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს, საზეიმო ცერემონიალის დაწყებამდე, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ და V ქვეითი ბრიგადის მეთაურმა, პოლკოვნიკმა ჯონი ტატუნაშვილმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ მებრძოლთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს.
ბრიგადის იუბილისადმი მიძღვნილ ცერემონიაზე 5 სამხედრო მოსამსახურეს უწყებრივი მედალი „სამშობლოსათვის თავდადებული“ გადაეცა. V ქვეითი ბრიგადის სამხედროებმა დღეს მადლობის სიგელებიც მიიღეს. V ქვეითი ბრიგადის იუბილეს სამხედრო მოსამსახურეთა ოჯახის წევრებიც დაესწრნენ. სპეციალურად მათთვის ბრიგადის ტერიტორიაზე სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოეწყო. ბრიგადის ხელმძღვანელობა სტუმრებს საზეიმო ტორტით გაუმასპინძლდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები