თავდაცვის სამინისტრო შეიარაღებულ ძალებში „დებატების პროგრამას“ იწყებს

თავდაცვის სამინისტრო კიდევ ერთ ახალ პროექტს – „დებატების პროგრამას “ იწყებს. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს შეიარაღებული ძალების მომავალ ლიდერებს დისკუსიის, მჭერმეტყველებისა და კრიტიკული ანალიზის უნარების განვითარებაში.

საპილოტო პროექტი „დებატები“, პირველად ნატოში ინტეგრაციის თემაზე ხვალ, დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში, „ნატოს კვირეულის“ ფარგლებში გაიმართება. ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე დაესწრებიან.

დებატებში – „საქართველოს ევროატლანტიკური არჩევანი“ აკადემიის სხვადასხვა საფეხურის კურსანტები მიიღებენ მონაწილეობას. იუნკერებით დაკომპლექტებული ოთხი გუნდი საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ შვიდ განსხვავებულ თემაზე გამართავს დისკუსიას. თითოეული გუნდი როგორც ინტეგრაციის მომხრე, ისე საწინააღმდეგო პოზიციების დამტკიცებას ეცდება. ორ საუკეთესო მოდებატეს, საუკეთესო გუნდსა და ჟიურის სიმპატიას კომპეტენტური ჟიური გამოავლენს. ჟიურის წევრები არიან თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის დირექტორი ელენე გოცაძე და დემოკრატიისა და სტრატეგიული კვლევების ცენტრის დირექტორი გიორგი რუხაძე.

„საპარლამენტო დებატები“ მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში განათლების სფეროში გავრცელებული შეჯიბრია. გარდა იმისა, რომ დებატები ანვითარებს კრიტიკულ აზროვნებას, ის ხელს უწყობს ეფექტური კომუნიკაციის უნარების გამომუშავებას, ასევე დამოუკიდებლად ინფორმაციის მოძიებისა და კონკრეტული საკითხის კვლევის უნარებს.

დებატები თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროს სხვადასხვა თემებზე საქართველოს შეიარაღებულ ძალებში რეგულარულად გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები