ანა დოლიძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე თავდაცვისა და უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში ორმხრივ შეხვედრებს განაგრძობს. ანა დოლიძე ლატვიის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, ანდრეის პანტელეივსს შეხვდა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილა. მხარეებმა საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება. ანდრეის პანტელეივსმა ქართველ კოლეგასთან ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელების პროცესში აქტიურ მხარდაჭერაზე ისაუბრა.
თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ორმხრივი შეხვედრა საქართველოში კანადის ელჩთან, ჯონ ჰოლმსთანაც გამართა და კანადასთან სამომავლო სამხედრო თანამშრომლობის საკითხი განიხილა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ანა დოლიძემ განხილული თემები შეაჯამა.
„კონფერენციაც და ორმხრივი შეხვედრებიც მიანიშნებს, რომ საქართველო გლობალიზებული სახელმწიფოა, რომელსაც აქტიური კავშირები აქვს სხვადასხვა ქვეყანასთან. კანადასთან ახლა ვანვითარებთ თანამშრომლობას სამხედრო სფეროში, ლატვიასთან დიდხნიანი თანამშრომლობა გვაქვს, განსაკუთრებით განათლების სფეროში, რომელიც გვინდა, რომ შემდეგ საფეხურზე გადავიყვანოთ ნატოს ფარგლებში. საუბარი გვქონდა ორივე ქვეყნის წარმომადგენელთან რამდენიმე სასწავლო კურსზე, იმ გამოცდილებაზე, რომელიც ამ სახელმწიფოებმა შეიძლება გაგვიზიარონ“,- განაცხადა ანა დოლიძემ.
ორმხრივ შეხვედრებს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე დაესწრო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები