ჯეიმს აპატურაი ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იმყოფებოდა

თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს ჯეიმს აპატურაის უმასპინძლა.
მინისტრმა აკადემიის იუსკრებს სიტყვით მიმართა და ნატოს კვირეულის ფარგლებში ჯეიმს აპატურაის საქართველოში სტუმრობის მნიშვნელობაზე ისაუბრა. კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა აკადემიაში თემაზე – „ნატოს პოლიტიკური დღის წესრიგი და საქართველოსთან თანამშრომლობა“ – ლექცია წაიკითხა და ყურადღება ნატო-საქართველოს თანამშრომლობაზე გაამახვილა.
ჯეიმს აპატურაიმ გორში მსოფლიოში არსებულ გამოწვევებზე, რუსეთის ქმედებებზე, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებსა და ნატოს როლზე ისაუბრა. მან ხაზი გაუსვა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის გაღრმავების და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მნიშვნელობას.
„ეს ჩემი პირველი ვიზიტია გორში. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი შესაძლებლობა და მადლობა მინდა გადავუხადო ყველას, ვინც მიმასპინძლა. ეს ინსტიტუტი არის პროფესიული და ამის ნახვის შესაძლებლობა მომეცა. საქართველოში სამხედრო განათლების ხარისხი მნიშვნელოვნდ გაუმჯობესდა. ეს არის ამ ქვეყნის ლიდერების მომავლის თაობა. ნატო ეხმარება მათ განვითარებაში. ჩვენ გვაქვს პროგრამა, რომელიც ხელს უწყობს განათლების სტანდარტის ამაღლებასა და ნატოს სტანდარტებთან მიახლოებას. დღეს უკვე ვხედავ შედეგებს და მივესალმები თანამშრომლობის გაღრმავებას“, – განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ და საქართველოს შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმი და განათლება მაღალ დონეზე შაფასა.
მან ყურადღება საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში ქართველი სამხედროების მნიშვნელოვან წვლილზე გაამახვილა და მინისტრს მადლობა გადაუხადა.
მოგვიანებით, იუნკერებთან შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.
ლექციას ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე და საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ დაესწრნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები