საქართველო დელეგაცია დიდ ბრიტანეთში შეხვედრებს მართავს
დიდ ბრიტანეთში საქართველოს უწყებათშორისი დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილის დავით დონდუას გაერთიანებული სამეფოს საგარეო და თანამეგობრობის სამინისტროს ევროპის და ცენტრალური აზიის დირექტორატის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ სან მაკლეოდთან, უსაფრთხოების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსის მოადგილესთან დეივ პროდგერსთან და სამხრეთ კავკასიის ჯგუფის ხელმძღვანელთან ნილ ფლოიდთან გუშინ შეხვედრა გაიმართა.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ასევე გაიმართა ქართული დელეგაციის შეხვედრა დიდი ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატის წევრთან, საქართველოს საკითხებზე ინტერპარტიული ჯგუფის ხელმძღვანელთან მარკ რეკლესთან და ასევე ლორდთა პალატის წარმომადგენლებთან.
“მხარეებმა განიხილეს მიმდინარე წლის შემოდგომაზე დიდ ბრიტანეთში დაგეგმილი ნატოს სამიტისთვის მზადების პროცესი და აღნიშნულ სამიტზე საქართველოს მიერ ინტეგრაციულ პროცესში მიღწეული პროგრესის ასახვის შესაძლებლობები. აღინიშნა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების იმპლემენტაციის დაწყების აუცილებლობა და ამ კონტექსტში საქართველოს მიერ გაწევრიანების სამოქმედო გეგმასთან მიერთების მნიშვნელობა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების ასპექტებზე. შეხვედრებისას აგრეთვე განიხილეს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის მიმდინარეობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ჩათვლით, დროულად ხელმოწერის მნიშვნელობას. მხარეებმა ასევე ისაუბრეს რეგიონალურ საკითხებზე და უკრაინაში განვითარებულ მოვლენებზე. ხაზი გაესვა უკრაინის ყირიმის რეგიონში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმის უკანონობას და მის შეუსაბამობას საერთაშორისო და უკრაინული სამართლის ნორმებთან.
აღინიშნა ყირიმის ნახევარკუნძულზე სიტუაციის დეესკალაციისა და სამხედრო დაპირისპირების თავიდან აცილებისთვის, უკრაინის სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის აუცილებლობა. ვიზიტის ფარგლებში, დღეს დაგეგმილია შეხვედრები გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროში და პარლამენტის თავდაცვის კომიტეტში. ასევე იგეგმება საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის დავით ზალკალიანის სიტყვით გამოსვლა დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო ურთიერთობების სამეფო ინტიტუტში – „Chatham House“ თემაზე: “საქართველოს საგარეო პოლიტიკა ახალ რეალობაში”.