2017 წელს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალს საქართველო უმასპინძლებს

ხორვატიის ქალაქ დუბროვნიკში სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი მიმდინარეობს. დღეს კი გადაწყდა, რომ 2017 წელს ღონისძიებას საქართველო უმასპინძლებს.
საქართველოს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალზე ქვეყნის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე წარმოადგენს.
მინისტერიალის მონაწილეებმა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში უსაფრთხოების სფეროში არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს და შეთანხმდნენ, რომ ამ კუთხით რეგიონული სოლიდარობა უმნიშვნელოვანესია.
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე თავდაცვის მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა. ანა დოლიძემ ყურადღება საქართველოს უსაფრთხოების მთავარ გამოწვევებზე და ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე გაამახვილა.
„საქართველოს უსაფრთხოების მთავარი გამოწვევა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე რუსეთის მიერ განხორციელებული ქმედებებია. მიუხედავად ამისა, საქართველო განაგრძობს მუშაობას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალი არაწევრი ქვეყნების ევროატლანტიკური ინტეგრაციის ხელშესაწყობად შეიქმნა.
თავდაპირველად გაწევრიანებული ქვეყნები დღეს უკვე ნატოსა და ევროკავშირის წევრები არიან.
შესაბამისად, საქართველოსთვის ამ ორგანიზაციაში შესვლა მნიშვნელოვანია, ეს არის ნატოში ინტეგრაციის ერთგვარი წინა საფეხური“, – განაცხადა ანა დოლიძემ.
მინისტერიალში მონაწილე ქვეყნების წარმომადგენლებმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა გამოხატეს. აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილემ, დოქტორმა ეველინ ფარკასმა კი აღნიშნა, რომ რუსეთს საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული და აგრესიულ პოლიტიკას კვლავ განაგრძობს.
ანა დოლიძე ხორვატიაში სამუშაო ვიზიტით 20 ოქტომბერს გაემგზავრა და მინისტერიალის ფარგლებში ორმხრივი შეხვედრებიც გამართა. სამხრეთ-აღმოსავლეთ თავდაცვის მინისტერიალის (SEDM) ყოველწლიურ შეხვედრაზე ქართული დელეგაცია ორგანიზაციის წევრი ქვეყანის სტატუსით პირველად არის წარმოდგენილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები