ნატოს წევრი ქვეყნების სამხედროები სასწავლო ცენტრ „კრწანისს” ეწვივნენ

ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში შექმნილი ნატოს ძირითადი ჯგუფის წარმომადგენლობა და ჯგუფის ლიდერი საქართველოში, პოლკოვნიკი ტორსტენ კიოლერი ეწვია.
კრწანისში საქართველოში აკრედიტებული უცხო ქვეყნის სამხედრო ატაშეები და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ნატოს მაღალჩინოსნებმა და სამხედრო ატაშეებმა სამეთაურო-საშტაბო სწავლების, „დიდგორი 2015“-ის შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს და წვრთნების მიმდინარეობა შეაფასეს. ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ ხელმძღვანელობამ სტუმრებს სხვადასხვა სასწავლო კლასი დაათვალიერებინა და სპეციალური პრეზენტაციები წარუდგინა.
როგორც თავდაცვის სამინისტროდან “კვირას” აცნობეს, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ იმყოფებოდა საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუც. მისი განცხადებით, სწავლების დროს საქართველოს შეიარაღებული ძალების პროგრესი ცხადად წარმოჩინდა.
„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, დეტალურად გავცნობოდით ამ სწავლების სხვადასხვა კომპონენტს. ეს ყველაფერი ძალიან შთამბეჭდავია. სწავლებას ძალიან კვალიფიციური ოფიცრები და ჯარისკაცები წარმართავენ, რაც კარგად აჩვენებს თქვენი შეიარაღებული ძალების პროგრესს და მათი შესაძლებლობების განვითარებას საკუთარი ქვეყნის დასაცავად. მეორე საკითხია კოორდინაცია ეროვნულ დონეზე, რაც ამ სწავლების დროს იხვეწება ეროვნული უშიშროების საბჭოსთან, სახელმწიფო უსაფრთხოების საბჭოსთან და კრიზისების მართვის საბჭოსთან ერთად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – აღნიშნა უილიამ ლაჰიუმ.
სამეთაურო საშტაბო სწავლება „დიდგორი 2015“ აქტიურ ფაზაშია გადასული. წვრთნებში სამთავრობო სტრუქტურები, სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლობა და უშიშროების საბჭო მონაწილეობენ.
უწყების ცნობით, სწავლების მთავარი მიზანი კრიზისული და საომარი ვითარების დროს სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუტებს შორის ურთიერთქმედების დახვეწა, მართვისა და კონტროლის სისტემების გაუმჯობესება და საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბების მომზადებაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები