ქაბულში, 23-ე ბატალიონის ასეულმა III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულისგან უფლებამოსილება სრულად გადაიბარა
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის ნაკრებმა ასეულმა III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულისგან უფლებამოსილება სრულად გადაიბარა. ოფიციალური ცერემონიალი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინაში გაიმართა.
შესრულდა საქართველოს და ნატოს ჰიმნები. ქართველმა და ამერიკელმა სამხედრო მოსამსახურეებმა წუთიერი დუმილით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო მისიებში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს. 23-ე ბატალიონის ასეულის მეთაურმა, მაიორმა ირაკლი ყოლბაიამ 31-ე ბატალიონის ასეულის მეთაურისგან საბრძოლო დროშის მიღებით მისია ოფიციალურად გადაიბარა.
უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალს ავღანეთში საქართველოს უფროს სამხედრო წარმომადგენლობასთან ერთად ამერიკული „მოწინავე მხარდამჭერი ბაზის“ სარდლობა დაესწრო.
საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 23-ე ნაკრები ასეულის სამხედრო მოსამსახურეები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში 6 თვის განმავლობაში იმსახურებენ. ქართული ასეულის მთავარი ამოცანა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შტაბ-ბინის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება.