ანა დოლიძე ეველინ ფარკას შეხვდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილეს, დოქტორ ეველინ ფარკასს შეხვდა. ორმხრივი შეხვედრა ხორვატიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის თავდაცვის მინისტერიალის (SEDM) ფარგლებში გაიმართა.
შეხვედრაზე თავდაცვის სფეროში აშშ-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. როგორც ეველინ ფარკასმა აღნიშნა, აშშ მზად არის საქართველოსთან ორმხრივი თანამშრომლობა კიდევ უფრო გააქტიუროს. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოს ნატოში ინტეგრაციის პერსპექტივები. აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილის განაცხადებით, აშშ მხარს უჭერს საქართველოს მიერ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებით განხორციელებას და მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს ვარშავაში დაგეგმილ ნატოს სამიტზე. საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ ეველინ ფარკასს აშშ-ის მიერ საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
ანა დოლიძე ხორვატიაში სამუშაო ვიზიტით 20 ოქტომბერს გაემგზავრა. თავდაცვის მინისტრის მოადგილე სამხრეთ-აღმოსავლეთ თავდაცვის მინისტერიალის (SEDM) ყოველწლიურ შეხვედრაში იღებს მონაწილეობას. ქართული დელეგაცია შეხვედრაზე ორგანიზაციის წევრი ქვეყანის სტატუსით პირველადაა წარმოდგენილი.