უკრაინის გენერალური შტაბის უფროსი „დიდგორი 2015“-ის მიმდინარეობას გაეცნო
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-პოლკოვნიკი ვიქტორ მუჟენკო და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ესტუმრნენ და სამეთაურო-საშტაბო სწავლების – „დიდგორი 2015-ის“ მიმდინარეობას გაეცნენ. სტუმრებმა სასწავლო კლასებიც დაათვალიერეს და სწავლების მონაწილე პერსონალს გაესაუბრნენ.
„დიდგორი 2015“ სამთავრობო უწყებათშორის სამეთაურო-საშტაბო სწავლებას წარმოადგენს. სწავლების მთავარი მიზანი კრიზისული და საომარი ვითარების დროს სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუტს შორის ურთიერთქმედების დახვეწა, მართვისა და კონტროლის სისტემების გაუმჯობესება და საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბების მომზადებაა.
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ წასვლამდე გენერალ-პოლკოვნიკმა ვიქტორ მუჟენკომ გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. უკრაინელი გენერალი ვიზიტის ფარგლებში წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრში დაჭრილ უკრაინელ სამხედროებს მოინახულებს. წეროვანში რეაბილიტაციის კურსს დაჭრილი უკრაინელი სამხედროების მეორე ნაკადი გადის. გენერალ-პოლკოვნიკი ვიქტორ მუჟენკო საქართველოში ოფიციალურ ვიზიტს ხვალ დაასრულებს.