აშშ-ის საზღვაო ძალების ნაღმოსანი „პორტერი“ ბათუმის პორტში შემოვიდა
ბათუმის პორტში აშშ-ის საზღვაო ძალების გემი “პორტერი” შევიდა. ის მე-6 ფლოტში ირიცხება, ხოლო მისი ამოცანაა მშვიდობის, სტაბილურობისა და ეკონომიკური კეთილდღეობის ხელშეწყობა ევროპისა და აფრიკის რეგიონებში. აღნიშნულთან დაკავშირებით, ბათუმს საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი იან კელი ეწვევა.
“პორტერის” ვიზიტისას ამერიკელი მეზღვაურები საქართველოს სანაპირო დაცვის თანამშრომლებთან ერთობლივ წვრთნებს გამართავენ.
ვიზიტის მიზანია, ხელი შეეწყოს შეერთებული შტატების მე-6 ფლოტისა და შავი ზღვის აუზის ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავებას და განამტკიცოს საზღვაო უსაფრთხოება. “პორტერი” “არლეი ბერკის” ნაღმოსანია. ის შეერთებული შტატების საზღვაო ძალების სამხედრო სამსახურშია.
გემს სახელი აშშ-ის საზღვაო ძალების უფროსი კაპიტნის, დევიდ პორტერისა და მისი ვაჟის, ადმირალ დევიდ დიქსონ პორტერის პატივსაცემად ეწოდა. აშშ-ის საზღვაო ძალების ევროპის კონტინგენტი – მე-6 ფლოტი, აშშ-ის შეიარაღებული ძალების ევროპული სარდლობის სამხედრო ოპერაციების სრული სპექტრის შემადგენელი ნაწილია. ის შეუფერხებელ საზღვაო მიმოსვლასა და საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის შენარჩუნებას უზრუნველყოფს.