თავდაცვის მინისტრი „დიდგორი 2015“-ის მიმდინარეობას გაეცნო

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ეწვია და სამეთაურო-საშტაბო სწავლების – „დიდგორი 2015-ის“ მიმდინარეობას გაეცნო. თავდაცვის მინისტრს სწავლების ხელმძღვანელობამ წვრთნების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. თინათინ ხიდაშელი პირად შემადგენლობას გაესაუბრა და სასწავლო კლასებიც დაათვალიერა.
„სწავლებაში ძალიან მოტივირებული, კვალიფიციური შემადგენლობა მონაწილეობს. პროფესიონალურად უდგებიან საქმეს. ხორციელდება შეცდომების და ხარვეზების დეტალური ანალიზი. სწავლების დროს დისკუსიები დამაჯერებელი და კარგად არგუმენტირებულია. „დიდგორი 2015“ ტექნიკურად გამართული სწავლებაა“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, „დიდგორი 2015“ სამთავრობო უწყებათაშორის სამეთაურო-საშტაბო სწავლებას წარმოადგენს. სწავლების მთავარი მიზანია კრიზისული და საომარი ვითარების დროს სხვადასხვა სამთავრობო ინსტიტუტებს შორის ურთიერთქმედების დახვეწა, მართვისა და კონტროლის სისტემების გაუმჯობესება და საქართველოს შეიარაღებული ძალების შტაბების მომზადება.
სწავლების სცენარი რეალურთან მიახლოებულ ვითარებაზეა დამყარებული. წვრთნების დროს თავდაცვითი ოპერაციები ვირტუალური მოწინააღმდეგის წინააღმდეგ, მოდელირებულ გეოპოლიტიკურ გარემოში ხორციელდება. საბრძოლო მოქმედებების გათამაშების მოდელირებას სიმულაციური სისტემა „JCATS“ უზრუნველყოფს. ასევე სრულდება საინფორმაციო და ფსიქოლოგიური ოპერაციების სცენარები. სწავლების მიმდინარეობას აშშ-ის არმიის მაღალი რანგის ოფიცრები აკვირდებიან.
„დიდგორი 2015-ის“ სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა დანაყოფებთან ერთად ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტრო. წვრთნებში აქტიურად მონაწილეობენ კიბერუსაფრთხოების ბიუროს წარმომადგენლები.

12038866_1076004695765605_3752264296982590549_o

12015122_1076004582432283_1735420947105363854_o

12120057_1076004585765616_4374597562172403235_o

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები