სამი ქვეყნის სამხედრო ბენდები კახეთს ეწვივნენ

საქართველოს, აშშ-სა და თურქეთის სამხედრო ბენდებმა გორსა და თბილისში გამართული კონცერტების შემდეგ კახეთის რეგიონში გადაინაცვლეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამხედრო მუსიკოსების რეგიონული ტურნე ყვარელში გაგრძელდა. ქალაქის მთავარ მოედანზე საქართველოს შეიარაღებული ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელმა ორკესტრმა, ევროპაში აშშ-ს საჰაერო ძალების სამხედრო ბენდმა და თურქეთის შეიარაღებული ძალების ჰარმონიულმა ორკესტრმა ადგილობრივი მოსახლეობისთვის ერთობლივი კონცერტი გამართეს. ღონისძიება სამივე ორკესტრის მიერ საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით გაიხსნა.
კონცერტი მარშირებით გაგრძელდა, რომელიც მუსიკალური კომპოზიციებით გაფორმდა. წარმოდგენის დროს სამი ქვეყნის სამხედრო ორკესტრებმა აუდიტორიას თანამედროვე მუსიკის სხვადასხვა შედევრი შესთავაზეს.
ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად საჩვენებელ მუსიკალურ წარმოდგენას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, მისი მოადგილე ბესიკ ლოლაძე, ეროვნული გვარდიის სარდალი, ბრიგადის გენერალი ლევან გამყრელიძე და კახეთის გუბერნატორი ირაკლი შიოლაშვილი დაესწრნენ.
მანამდე, ამერიკელი და თურქი სამხედრო მუსიკოსები ღვინის მწარმოებელ კომპანიას: „მეღვინეობა ხარებას“ ქართული კულტურის გაცნობის მიზნით ესტუმრნენ. ტრადიციული კერძების მომზადებისა და დაგემოვნების შემდეგ, სტუმრებისთვის ქართული ღვინისა და ჭაჭის დეგუსტაცია მოეწყო. მოგვიანებით, ამერიკელმა და თურქმა სამხედროებმა ყურძენი საწნახელში დაწურეს, ჩურჩხელები ამოავლეს და თონეში შოთის პურებიც გამოაცხეს.
სამხედრო ბენდების სტუმრობა კახეთის რეგიონში ვახშამით დასრულდა. რეგიონული ტურნეს ბოლოს საქართველოს, აშშ-სა და თურქეთის სამხედრო ორკესტრების ხელმძღვანელებმა ერთმანეთს სამახსოვრო საჩუქრები გაუცვალეს.
ევროპაში აშშ-ს საჰაერო ძალების სამხედრო ბენდი და თურქეთის შეიარაღებული ძალების ჰარმონიული ორკესტრი საქართველოში თავდაცვის სამინისტროს მოწვევით ჩამოვიდა. ერთობლივი კონცერტების მიზანი ქართველ, ამერიკელ და თურქ ხალხებს შორის კულტურათა დიალოგის პროცესის გაძლიერება და ქვეყნებს შორის სამხედრო-სამოქალაქო თანამშრომლობის გაღრმავების ხელშეწყობაა.
კახეთის რეგიონში ღონისძიების გამართვამდე, ქართველმა, ამერიკელმა და თურქმა სამხედრო მუსიკოსებმა ქართველ ხალხს „თბილისობის“ დღესასწაული ევროპის მოედნიდან ერთობლივი კონცერტით მიულოცეს. მუსიკალური საღამო გორშიც, გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიულ დრამატულ თეატრში გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები