დეპუტატი ჩიორა თაქთაქიშვილი ეკა ბესელიასგან განმარტებებს ითხოვს
საპარლამენტო ოპოზიციის წევრმა ჩიორა თაქთაქიშვილმა ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას წერილით მიმართა და იმის დასაბუთება მოითხოვა, თუ რატომ ატარებს კომიტეტი სხდომას თბილისში და არა ქუთაისში.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრი ამბობს, რომ ბოლო დროს საპარლამენტო კომიტეტები სხდომებს თბილისში ხშირად მართავენ, რაც დაუშვებელია. თაქთაქიშვილი თქმით, ამ ნაბიჯით მმართველი გუნდი ქუთაისის, როგორც საპარლამენტო ქალაქის მნიშვნელობის დაკნინებას ცდილობს.
“ჩვენ ასეთი ტიპის გასვლითი სხდომების ჩატარებას, თუკი ის არ არის მოტივირებული კონკრეტული და ობიექტური საფუძვლით, განვიხილავთ ქალაქ ქუთაისის, როგორც საპარლამენტო დედაქალაქის არსის გამოშიგვნის მცდელობას”, – აღნიშნავს თაქთაქიშვილი.
დეპუტატის განცხადებას, დღესვე გამოეხმაურა ეკა ბესელია. მისი განმარტებით, პარლამენტის თბილისში არყოფნა საკანონმდებლო მუშაობის ხარისხს აზიანებს და დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული.
“ყველაზე მეტი გამცდენები არიან “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები. ქუთაისში, როგორც საკომიტეტო, ასევე სასესიო სხდომებზე ხშირად იქმენება პრობლემები. საკანონმდებლო ორგანოს არარსებობა თბილისში ძალიან სერიოზულ ზიანს აყენებს საკანონმდებლო მუშაობის ხარისხს, კომუნიკაცია არის ძალიან რთული, ხარჯები არის გაზრდილი, რაც ბიუჯეტისთვის კიდევ დამატებითი პრობლემაა”, – განაცხადა ბესელიამ.