თინათინ ხიდაშელმა აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილესთან სატელეფონო საუბარი გამართა

საქართველოს თავდაცვის მინისტრს თინათინ ხიდაშელსა და აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილეს რობერტ უორკს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. საუბრის მთავარი თემა ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ქართული კონტინგენტის მონაწილეობა იყო. აშშ-ის თავდაცვის მდივნის მოადგილემ თინათინ ხიდაშელს ქართული სამხედრო კონტინგენტის მიერ გლობალური უსაფრთხოების საქმეში შეტანილი წვლილისთვის კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა.
მხარეებმა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ჩართულობასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო ამერიკელი საზღვაო ქვეითების მიერ ქართველი სამხედროების გადასროლისწინა წვრთნებს. ამერიკულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა კვლავ გააგრძელოს საქართველოს შეიარაღებული ძალების დახმარება და თავდაცვისუნარიანობის ამაღლების კუთხით მხარდაჭერა. როგორც რობერტ უორკმა თინათინ ხიდაშელთან საუბარში აღნიშნა, აშშ-ის მთავრობისთვის მნიშვნელოვანია საქართველოსთან მჭიდრო თანამშრომლობა. სატელეფონო საუბრისას ორი ქვეყნის თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელი პირები აშშ-საქართველოს შორის არსებულ ორმხრივ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის სამომავლო გეგმებსაც შეეხნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები