22-ე ბატალიონმა სამოქმედო არეალი სრულად გადაიბარა

საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ოფიციალურად ჩაერთო. უფლებამოსილების გადაბარების ცერემონიალი ავღანეთში, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე გაიმართა. ცერემონიალი საქართველოს, აშშ-ისა და ავღანეთის სახელმწიფო ჰიმნების შესრულებით დაიწყო.
მოწვეულმა სტუმრებმა და სამხედრო მოსამსახურეებმა წუთიერი დუმილით სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისო მისიებში დაღუპულების ხსოვნას პატივი მიაგეს. II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონმა IV მექანიზებული ბრიგადის 43-ე ბატალიონისგან საბრძოლო დროშის მიღებით სამოქმედო არეალი სრულად გადაიბარა.
ცერემონიალის ბოლოს საქართველოსა და აშშ-ის შორის სამხედრო თანამშრომლობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისათვის პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ და 43-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ვიტალი ცხადაძემ კოალიციური ძალების სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლებით დააჯილდოვეს.
ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ბესიკ ხატიაშვილი, ავღანეთში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე, IV მექანიზებული ბრიგადის მეთაური, პოლკოვნიკი შალვა ჯაბახიძე, 43-ე და 22-ე ბატალიონების პირადი შემადგენლობა დაესწრნენ. ცერემონიალზე ასევე ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაური, გენერალ-მაიორი ჯეიმს რეინი, ტაქტიკური დაჯგუფება „სოლიდის“ მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ზაქარი მილერი და სხვა მოწვეული სტუმრები იმყოფებოდნენ.
საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში 6 თვის განმავლობაში იმსახურებენ. ბატალიონის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველოფა იქნება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები