თავდაცვის სამინისტროს „სპიკერების პროგრამის“ ფარგლებში გიორგი სიხარულიძე ესტუმრა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს „სპიკერების პროგრამის“ ფარგლებში ეროვნულ თავდაცვის აკადემიას თავდაცვის სამინისტროს ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე ესტუმრა.
სიხარულიძემ კაპიტნის საკარიერო სკოლისა და უმცროს ოფიცერთა სკოლის მსმენელებს თავდაცვის სამინისტროს ფსიქოლოგიური მხარდაჭერის პროგრამა „მხარი მხარს“ გააცნო და წაუკითხა ლექცია თემებზე – აზარტული თამაშები, მათი ნეგატიური ზეგავლენა ფსიქოლოგიურ და სოციალურ კეთილდღეობაზე; საბრძოლო სტრესი და დეპრესია – “ამოვიცნოთ და დავძლიოთ ერთად”; სუციდი და მისი პრევენცია – “მხარი მხარს მეგობრების გადასარჩენად”. ფსიქოლოგიური შერჩევისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა დეტალურად ისაუბრა ტრავმის შემდგომ სტრესულ აშლილობაზე, სუიციდთან დაკავშირებულ გამაფრთხილებელ ნიშნებსა და მასთან გამკლავების გზებზე.
„თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო პროექტი, რომელსაც ჰქვია „მხარი მხარს“, რაც გულისხმობს იმას, რომ თავდაცვის სამინისტროსთვის პრიორიტეტული ხდება თითოეულ ჯარისკაცზე ზრუნვა. უნდა დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით და გადავარჩინოთ თითოეული ადამიანის სიცოცხლე“,- განაცხადა გიორგი სიხარულიძემ.
ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. კურსანტები საქართველოს შეიარაღებულ ძალებში არსებული მდგომარეობითა და ფსიქოლოგიური პრობლემების დაძლევის საკითხებით დაინტერესდნენ.