საქართველოს თავდაცვის სამინისტრო თურქ ხალხს სამძიმარს უცხადებს

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ბესიკ ლოლაძემ თურქეთის რესპუბლიკის საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვეს.
თავდაცვის უწყების ცნობით, მათ, თავდაცვის სამინისტროს სახელით, ანკარაში მომხდარი ტერაქტის შედეგად დაღუპულთა გამო მწუხარება გამოთქვეს და თურქეთის ელჩს, სამხედრო ატაშესა და თურქ ხალხს მიუსამძიმრეს.
„ეს შემთხვევა მოწმობს, რომ ტერორიზმს არ აქვს საზღვარი, საფრთხე რეალურია ყველა ქვეყნისთვის და აჩვენებს, თუ რამდენად აუცილებელია, რომ ცივილიზებული ქვეყნები ერთმანეთს გვერდში დაუდგნენ“, – განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
ბესიკ ლოლაძემ აღნიშნა, რომ მსოფლიოს ქვეყნების ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო, რათა ტერორიზმს მომავალ ცივილიზებულ სამყაროში არ ჰქონდეს ადგილი.
„მივუსამძიმრეთ დაღუპულთა ოჯახებს, თურქ ხალხს, იმ საშინელი ტერაქტების გამო, რომელთაც მრავალი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ერთობლივი ძალისხმევაა საჭირო, რომ ტერორიზმს არ ჰქონდეს მომავალი ცივილიზებულ სამყაროში“,- აღნიშნა ბესიკ ლოლაძემ.
ტერორისტული აქტი ანკარაში 10 ოქტომბერს, პროფკავშირების მიერ ორგანიზებული სამშვიდობო მიტინგის დაწყებამდე მოხდა. აფეთქების შედეგად 97 ადამიანი დაიღუპა, 200-მდე კი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები