ესტონეთის არმიის მთავარი სერჟანტი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს ესტუმრა
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს ესტონეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი სიმ სალისტე ესტუმრა.
სიმ სალისტეს ქართველმა კოლეგამ, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა ბესიკ ხატიაშვილმა უმასპინძლა. შეხვედრაზე მხარეებმა საქართველო-ესტონეთს შორის სამომავლო თანამშრომლობის დეტალები განიხილეს.
„ესტონელ კოლეგასთან ესტონეთსა და საქართველოში არსებული სერჟანტთა სისტემები განვიხილეთ. გავცვალეთ შეხედულებები და იდეები. ქართულ და ესტონურ სერჟანტთა სისტემას შორის ბევრი რამ არის საერთო. ჩვენ მსგავსი გამოწვევები გვაქვს და სამომავლო პერსპექტივებისთვის ინფორმაციის ინტენსიურ გაცვლას დიდი მნიშვნელობა აქვს“, – განაცხადა ბესიკ ხატიაშვილმა.
როგორც თავდაცვის სამინისტროდან “კვირას” აცნობეს, ესტონეთის შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა შეხვედრა გამართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესთან, ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან, სადაც საქართველო-ესტონეთის სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ესტონეთის დელეგაცია გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრშიც იყო. დაგეგმილია ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ მონახულება.