საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი იმყოფება
საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით ესტონეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი იმყოფება.
სიმ სალისტეს ქართველი კოლეგა, საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი ბესიკ ხატიაშვილი მასპინძლობს. დელეგაციის შემადგენლობაში ასევე იმყოფება ესტონეთის სერჟანტთა მომზადების სკოლის ხელმძღვანელი, მაიორი მადის ნომე.
ესტონეთის შეიარაღებული ძალების დელეგაცია გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს ესტუმრა. ცენტრის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ლაშა დავითაძემ სტუმრებს სასწავლო ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა და სერჟანტთა პროფესიული განვითარების პროცესები გააცნო.
ესტონური დელეგაცია ხვალ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის პირველ მოადგილეს, ბრიგადის გენერალს ვლადიმერ ჩაჩიბაიასა და წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდალს, პოლკოვნიკ ლევან ბერიას შეხვდება. დაგეგმილია სტუმრობა ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისშიც“.