დაჭრილი ჯარისკაცების მხარდასაჭერად ბეისბოლის მატჩი გაიმართა

საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს ბეისბოლისა და სოფტბოლის ეროვნული ფედერაციის ერთობლივი ორგანიზებით საქართველოს ბეისბოლის ეროვნულ ნაკრებსა და აშშ-ს საზღვაო ქვეითთა გუნდ „მეომრებს“ შორის ბეისბოლის ამხანაგური მატჩი გაიმართა.

მატჩი საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში დაჭრილ მეომრებსა და დაღუპულთა ხსოვნას მიეძღვნა. შეხვედრა მიზანად „დაშავებული ქართველი მეომრების“ პროგრამის შესახებ საზოგადოების უკეთ ინფორმირებას ისახავდა.

დღევანდელ მატჩს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე და თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბესიკ ლოლაძე ესწრებოდნენ. დავით ებრალიძის განცხადებით, ღონისძიება მნიშვნელოვანია და ეს მისაბაძი უნდა გახდეს ყველა მეომრისთვის.

„დღევანდელი დღე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია. ეს ტრადიცია უკვე 5 წელია გრძელდება. ამერიკელი სამხედროები ჩვენს დაჭრილ მეომრებს მხარში უდგანან. ეს გამამხნევებელია მათთვის და მისაბაძია ყველა დაჭრილი თუ არადაჭრილი მეომრისათვის. სასურველია, რომ ასეთ პროცესებში ჩვენი ჯარისკაცები, ამერიკელ სამხედროებთან ერთად, უფრო მეტად იყვნენ ჩართულნი. ამას ვაფასებთ და მადლობელი ვარ აშშ-ს საზღვაო ქვეითთა გუნდის, რომ ყოველწლიურად თამაშობენ ჩვენი ჯარისკაცების მხარდასაჭერად“, – განაცხადა ებრალიძემ.

შეხვედრის დაწყებისას საომარ მოქმედებებსა და სამშვიდობო მისიებში დაღუპულ მეომართა ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. მატჩი ანგარიშით 6:5 დასრულდა და მისი გამარჯვებული საქართველოს ნაკრები გახდა.

საქართველოს ნაკრებსა და ამერიკის საზღვაო ქვეითთა გუნდს შორის მსგავსი ტიპის შეხვედრა უკვე მეხუთედ იმართება. დღევანდელ მატჩს საომარ მოქმედებებსა და სამშვიდობო მისიებში დაჭრილი ჯარისკაცები და მათი ოჯახის წევრებიც ესწრებოდნენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები