დავით ნარმანია გერმანიაში ხუთდღიანი ვიზიტით გაემგზავრა

  საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი დავით ნარმანია, მინისტრის მოადგილესთან გიორგი ამაშუკელთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ელგუჯა ხოკრიშვილთან ერთად, გერმანიაში ხუთდღიანი ვიზიტით გაემგზავრა. დელეგაციაში ასევე შედიან ტექნიკური უნივერსიტეტისა და სხვადასხვა ქართული კომპანიის წარმომადგენლები. რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში მინისტრი შეხვედრებს „Dautsche Bank“-ის, “Boston Consulting Group”-ის, “ING Group”-ისა და „Global Solar“-ის წარმომადგენლებთან გამართავს, რომლებთანაც სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს. ასევე შეხვედრები გაიმართება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს წარმომადგენლებთან და სხვადასხვა ქალაქის მერთან, სადაც მუნიციპალური მენეჯმენტის საკითხებს მიმოიხილავენ. ქართული დელეგაცია, მონაწილეობას მიიღებს გერმანულ-ქართულ ბიზნეს-ფორუმში, სადაც საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე იქნება საუბარი. ვიზიტის ბოლოს დარმშტადტის უნივერსიტეტში ხელი მოეწერება მემორანდუმს, რომლის ფარგლებშიც უნივერსიტეტი დაეხმარება საქართველოს ევროპული სტანდარტების ჰარმონიზაციაში.
დავით ნარმანიას ვიზიტი გერმანიაში 22 მარტს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები