შეიარაღებული ძალების თხუთმეტკაცა რაგბის ნაკრები ინგლისში მიემგზავრება
საქართველოს შეიარაღებული ძალების თხუთმეტკაცა რაგბის ნაკრები ინგლისში მიემგზავრება. ქართველი სამხედროები შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა შორის გასამართ რაგბის მსოფლიო ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას.
ბრიტანეთში გამგზავრებამდე სამხედროებისგან შემდგარმა სარაგბო კლუბმა 10-დღიანი შეკრება სოფელ ნოქალაქევში გაიარა.
ნაკრები სხვადასხვა სამხედრო ნაწილებიდან სპორტული მიღწევებით გამორჩეული სამხედროებით არის დაკომპლექტებული.
შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა შორის რაგბის ტურნირი წელს მეორედ ტარდება. საქართველო რეგიონიდან ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც ამ ტურნირში მონაწილეობს.
მსოფლიო ჩემპიონატი 8 ოქტომბერს დაიწყება და გამარჯვებისთვის 9 ქვეყნის 12 გუნდი იბრძოლებს. მონაწილე ქვეყნების უმრავლესობა ტრადიციულ სარაგბო ქვეყანას წარმოადგენს.
ქართველ სამხედროებს პირველი თამაში სამხრეთ აფრიკის გუნდთან მოუწევთ. მეტოქეებს შორის არიან დიდი ბრიტანეთის საჰაერო ძალებისა და ტონგას ნაკრები გუნდები.