ესტონეთის გენშტაბის უფროსის ვიზიტი დასრულდა
საქართველოში ესტონეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დელეგაციის ოფიციალური ვიზიტი დასრულდა.
როგორც „კვირას“ თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს, სამდღიანი ვიზიტის დასკვნით დღეს ესტონეთის გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-ლეიტენანტი რიჰო ტერასი სსსტც „დელტას“ ეწვია.
პრესსამსახურის ინფორმაციით, სამეცნიერო ცენტრში ესტონურ დელეგაციას ქართული სამხედრო მრეწველობის შესახებ პრეზენტაცია გაუმართეს და ქართული წარმოების შეიარაღების ნიმუშები წარუდგინეს.
ესტონურმა დელეგაციამ ეროვნული სასწავლო ცენტრი „კრწანისიც“ დაათვალიერა. სასწავლო ცენტრში ესტონეთის გენშტაბის უფროსს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ვლადიმერ ჩაჩიბაიამ უმასპინძლა. კრწანისში სტუმრებს სასწავლო ცენტრის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და სიმულაციური ცენტრები დაათვალიერებინეს.
მოგვიანებით სტუმრებმა დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში გადაინაცვლეს. გაცნობითი ბრიფინგის შემდეგ გენერალ-ლეიტენანტი რიჰო ტერასი აკადემიის ინფრასტრუქტურას გაეცნო.
საქართველოში სამდღიანი ოფიციალური ვიზიტით მყოფი ესტონეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის დელეგაცია ქვეყანას ხვალ დატოვებს.