ბრიტანელი მწვრთნელი ქართველ სამხედროებს საერთაშორისო შეჯიბრებებისთვის მოამზადებს

საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და ISAF-ის საერთაშორისო მისიებში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მჯდომარე ფრენბურთში პროფესიონალურ მომზადებას ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მწვრთნელთან, რიჩარდ ოზბორნთან გადიან.
ბრიტანელმა მწვრთნელმა მარტში ქართველი სამხედროები ერთხელ უკვე მოამზადა სან-დიეგოს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობისათვის. პროფესიონალი მწვრთნელი წელს გუნდს ახალი მოთამაშეებით აკომპლექტებს და ქართველ სამხედროებს საერთაშორისო ჩემპიონატისთვის ამზადებს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მაისში გაიმართება.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მასტერკლასს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ანა დოლიძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ნიკ ვილკესი დაესწრნენ. მათ განსაკუთრებით აღნიშნეს ქართველი სამხედროების შემართება და სულისკვეთება, რომელიც ნებისმიერი ასპარეზობისთვის მნიშვნელოვანია.
ქართველმა სამხედროებმა პირველობა უკვე მოიპოვეს სპორტის სხვა სახეობაში – მჯდომარე ფეხბურთში. საერთაშორისო შეჯიბრებები – “დაჭრილ მეომართა თამაშები” („WOUNDED WORRIERS GAMES“) მიმდინარე წლის 1-12 მარტს კალიფორნიის შტატის საზღვაო ქვეითთა ბაზა – პენდელტონზე გაიმართა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები