ვახტანგ კაპანაძე მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულ ლეგიონს ესტუმრა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე და თავდაცვის სამინისტროს კიბერუსსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე, არასამთავრობო ორგანიზაცია „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდული ლეგიონის“ საშემოდგომო სწავლებაზე მოულოდნელად გამოჩნდნენ.
ახალგაზრდულმა ლეგიონის წარმომადგენლებმა სტუმრებს კურსის ძირითადი მიზნები და ამოცანები გააცნეს.
როგორც ახალგაზრდული ლეგიონის წარმომადგენლებმა განაცხადეს მათი მთავარი მიზანია ახალგაზრდებს ექსტრემალურ ბუნებრივ პირობებთან გამკლავება, სალაშქრო საქმე, ტოპოგრაფია, ისტორია, გეოგრაფია და სამხედრო საქმის საბაზისო კომპონენტები შეასწავლონ.
რამდენიმე კვირის წინ ააიპ „გენერალ მაზნიაშვილის სახელობის ახალგაზრდულმა ლეგიონმა“ ინფორმაცია სამხედრო და სალაშქრო მომზადების საშემოდგომო კურსის დაწყების შესახებ სოციალური ქსელში განათავსა და მსმენელებად 15-დან 19 წლამდე საქართველოს მოქალაქეები მიიწვია. როგორც ლეგიონში განმარტეს, სამხედრო საქმის შესწავლის დროს იარაღის პლასტმასის მულაჟები გამოიყენება, რომლებიც თბილისის სათამაშოების მაღაზიებში თავად უნდა შეიძინონ კურსზე დასწრების მსურველებმა. ლეგიონს არ გააჩნია ცეცხლსასროლი იარაღი და კანონით გათვალისწინებულ ყველა რეგულაციას ზედმიწევნით ზუსტად იცავს, განმარტავენ ახალგაზრდული ლეგიონის ხელმძღვანელები. რაც შეეხება არასრულწლოვნებს, ისინი, მსმენელებად მხოლოდ მშობლების ნებართვით ირიცხებიან.
გენერალური შტაბის უფროსი კურსის გახსნას დაესწრო და ახალგაზრდებს ნანახთან დაკავშირებით შთაბეჭდილებები გაუზიარა. სტუმრებმა მაზნიაშვილის სახელობის ლეგიონს საჩუქრად წიგნები, გენერლების გიორგი მაზნიაშვილისა და კვინიტაძის მოგონებების კრებულები გადასცეს. კიბერუსაფრთხოების ბიუროს ხელმძღვანელმა კი მსმენელებს კიბერუსაფრთხოებასთან დაკავშირებული საინფორმაციო ბროშურები დაურიგა და მათი დაინტერესების შემთხვევაში ბიუროში გაცნობითი ხასიათის ტურზეც დაპატიჟა.