გორში ალექსანდრე ქართველიშვილის შესახებ ფილმის ჩვენება გაიმართა
ალექსანდრე ქართველიშვილისადმი მიძღვნილი ავიაკვირეულის ფარგლებში, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში ფილმ – “ალექსანდრე ქართველიშვილის” ჩვენება გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ამერიკაში მოღვაწე ცნობილი ავიაკონსტრუქტორის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ საჯარო ლექცია “ალექსანდრე ქართველიშვილის საერთაშორისო საზოგადოების” დამფუძნებელმა ლელა ქართველიშვილმა წაიკითხა.
მან მსმენელებს ორგანიზაციის საქმიანობისა და მიზნების შესახებაც მიაწოდა ინფორმაცია.
ლელა ქართველიშვილის თქმით, დღევანდელი ღონისძიება ხელს შეუწყობს ქართველი ავიაკონსტრუქტორის ოცნების განხორციელებას – ქართული სამხედრო ავიაციის განვითარებას.
სამინისტროს ცნობით, ეროვნული თავდაცვის აკადემიის კაპიტნის საკარიერო სკოლის მსმენელები ავიაკონსტრუქტორის მოღვაწეობის საზოგადოებისათვის დღემდე უცნობი დეტალებითაც დაინტერესდნენ.
“ალექსანდრე ქართველიშვილის საერთაშორისო საზოგადოება” მომავალში, თავდაცვის უწყების წარმომადგენლებთან და სამხედრო მოსამსახურეებთან აშშ-ში მოღვაწე სხვა ცნობილი ქართველების საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, საგანმანათლებლო ხასიათის შეხვედრებს გეგმავს.
ალექსანდრე ქართველიშვილისადმი მიძღვნილი ავიაკვირეული 9 სექტემბერს გაიხსნა. კვირეულის ფარგლებში ღონისძიებები სხვადასხვა უწყებაში გაიმართა. იგეგმება ალექსანდრე ქართველის მემორიალური დაფისა და მისი სახელობის სკვერის გახსნა სახელმწიფო სამხედრო სამეცნიერო-ტექნიკურ ცენტრ “დელტას” ტერიტორიაზე.
ალექსანდრე ქართველიშვილისადმი მიძღვნილი კვირეული 19 სექტემბერს ალექსეევკის სამხედრო საავიაციო ბაზაზე, ქართული ავიაციის დღის აღნიშვნით დასრულდება.