თინა ხიდაშელი ლიტვის სეიმის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ლიტვაში ოფიციალურ შეხვედრებს განაგრძობს.
მინისტრი ამჯერად ლიტვის სეიმის სპიკერს, ლორეტა გრაუჟინიენეს შეხვდა. თავდაცვის მინისტრის განცხადებით, საქართველო-ლიტვას, ისტორიულად, დიდი ხნის მეგობრობა აკავშირებთ და ეს ურთიერთკავშირი კიდევ უფრო უნდა გაღრმავდეს.
თინათინ ხიდაშელის თქმით, ლორეტა გრაუჟინიენესთან შეხვედრაზე ლიტვის რესპუბლიკის დამოკიდებულება საქართველოს ევროპული არჩევანის მიმართ კიდევ ერთხელ აღინიშნა – ლიტვაში მტკიცედ სჯერათ, რომ საქართველოს გამარჯვება, ლიტვის გამარჯვებაა.
ლიტვის პარლამენტი ერთსულოვნად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, დემოკრატიულ განვითარებასა და ქვეყნის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. საქართველოსთან თანამშრომლობის ლიტვის საპარლამენტო ჯგუფი, რომელსაც ზიტა ჟვიკიენე ხელმძღვანელობს, 64 დეპუტატს აერთიანებს და, ამ მხრივ, ყველაზე მსხვილი საპარლამენტო ჯგუფია. საქართველოს პარლამენტის ლიტვის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი კი პარლამენტარი ვალერი გელაშვილია. ქართული ჯგუფი 25 დეპუტატს აერთიანებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები