ვაზიანის პოლიგონზე საველე სწავლება გაიმართა
ვაზიანის პოლიგონზე ბატალიონის ტაქტიკური ჯგუფის ამოცანაზე ორიენტირებული საველე სწავლება გაიმართა. „ვაზიანი 2015“-ს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე დავით ებრალიძე და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე დაესწრნენ. სწავლებას აკვირდებოდნენ საქართველოში აკრედიტებული სამხედრო ატაშეებიც.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტაქტიკური წვრთნის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა გრიგოლ ჭელიძემ მოწვეულ სტუმრებს სწავლების მიზანი და ამოცანები, ასევე, მონაწილე ელემენტების, უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და მოწინააღმდეგის სავარაუდო გეგმის შესახებ ბრიფინგი წარუდგინა. „ვაზიანი 2015“ თავდაცვით ბრძოლაში კომბინირებული ძალების ურთიერთქმედების დახვეწასა და დაქვემდებარებული ქვედანაყოფების შერწყმას, ასევე მართვისა და კონტროლის გაუმჯობესებას ისახავდა მიზნად. სწავლებისთვის სპეციალური ლეგენდა შეიქმნა. იმიტირებული სცენარის მიხედვით, წვრთნის მთავარი ამოცანა იყო ქართულ ქვედანაყოფებს არ დაეშვათ მოწინააღმდეგის ძირითადი ძალებისთვის პლაცდარმის შექმნა და შეტევის განვითარება სიღრმეში.
მასშტაბური ხასიათის სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ, უზრუნველყოფის ბატალიონმა და მარნეულის საავიაციო ბრიგადამ მიიღო მონაწილეობა. „ვაზიანი 2015“-ში ჩართული იყო 600-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე, Su-25 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი, UH-1H „იროკეზი“-ს ტიპის შვეულმფრენი, T-72 ტიპის ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, ჯავშანმანქანები „კობრა“, რეაქტიული საარტილერიო სისტემა BM-21 და სხვა საარტილერიო სისტემები.
სწავლების ფარგლებში, მოწვეულმა სტუმრებმა V ქვეითი ბრიგადის უზრუნველყოფის ბატალიონის მიერ მოწყობილი ბრიგადის დონის აღალის პუნქტი (უზრუნველყოფის პუნქტი) დაათვალიერეს.