თინა ხიდაშელი სამსახურეობრივი ვიზიტით ევროპის ქვეყნებში მიემგზავრება
ხვალიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამსახურეობრივი ვიზიტით ევროპის ქვეყნებში მიემგზავრება.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, თინათინ ხიდაშელი შეხვედრებს პოლონეთში, ლიტვაში, ლატვიასა და ესტონეთში კოლეგებთან, ასევე კვლევითი ორგანიზაციებისა და უცხოური მედიის წარმომადგენლებთან გამართავს. ვიზიტი დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში მაღალი დონის შეხვედრებით დასრულდება.
თავდაცვის მინისტრის ვიზიტის მიზანს ნატოს 2016 წლის „ვარშავის სამიტზე“ ერთიანი ევროპული მხარდაჭერის მოპოვება და გაძლიერება წარმოადგენს. თინათინ ხიდაშელი კოლეგებთან ორმხრივი თანამშრომლობისა და ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლების საკითხებსაც განიხილავს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს თავდაცვის მინისტრის საჯარო გამოსვლები, მათ შორის პოლონეთის რესპუბლიკაში კრინიცას 25-ე ეკონომიკურ ფორუმზე.
თავდაცვის მინისტრი ვიზიტთან დაკავშირებით კომენტარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 9 სექტემბერს, გამთენიისას, 02:40 საათზე გააკეთებს.