ანა დოლიძე: სახელმწიფოთა შორის მეგობრობა პიროვნებების მეგობრობაზე გადის

საერთაშორისო კონკურს „ალინატე 2015-ის“ მონაწილეებს თავდაცვის სამინისტროში საზეიმო მიღება მოუწყვეს.
ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენელ ახალგაზრდებს ღონისძიებაზე სიტყვით გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ და თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, ანა დოლიძემ მიმართეს. გენერალ-მაიორის განცხადებით, საქართველოსთვის „ალიანტეს“ მსგავსი ღონისძიებები უმნიშვნელოვანესია.
„რაც მეტი იქნებიან აღნიშნული კონკურსის მონაწილეები, მით ნაკლები იქნება ომის საშიშროება“,- განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.
ანა დოლიძემ კი აღნიშნა, რომ სახელმწიფოთა შორის მეგობრობა პიროვნებების მეგობრობაზე გადის, რაც იმას ნიშნავს, რომ კონკურსის გამარჯვებულები სამომავლოდ, საკუთარი ქვეყნების სახელით, ერთმანეთთან წარმატებით ითანამშრომლებენ.
„ამგვარ ურთიერთობებზე იგება სახელმწიფოების თანამშრომლობა. „ალიანტეს“ ფარგლებში ჩამოსული ახალგაზრდები გაეცნენ საქართველოს, მონაწილეები დაუმეგობრდნენ ერთმანეთს. იმედი გვაქვს, ეს მეგობრობა თანამშრომლობაში გადაიზრდება. ეს ახალგაზრდები მომავალში იქნებიან კოლეგები, რომლებსაც კარგად ესმით ერთმანეთის მიზნები, ინტერესები და გასაჭირი“,- განაცხადა ანა დოლიძემ. „ალიანტეს“ გამარჯვებულები საქართველოს დღეს, გვიან ღამით დატოვებენ. წარმატებულ ახალგაზრდებს ათი დღის განმავლობაში საქართველოს ისტორიული ქალაქებისა და ძეგლების მონახულების შესაძლებლობა ჰქონდათ. დაათვალიერეს სამხედრო ბაზები და შეხვდნენ ქვეყნის სხვადასხვა პოლიტიკურ და სამხედრო ლიდერებს. საერთაშორისო კონკურსი „ალიანტე“ 15 წელია იმართება. ეს არის ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნებიდან 15-დან 19-წლამდე ახალგაზრდებისაგან შემდგარი 2-წევრიანი გუნდების კონკურსი, რომლის მიზანი ახალგაზრდებში უსაფრთხოების საკითხების მიმართულებით ცნობიერების ამაღლება და ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსისა და საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღებაა, პროექტი ასევე ითვალისწინებს ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები