სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ სამი კურსი დასრულდა
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ კურსის გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები დღეს 54 სამხედროს გადაეცა.
თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, კრწანისში საარტილერიო სისტემების გათვლის მეთაურების, სამხედრო საინჟინრო და ქიმიური, ბიოლოგიური,რადიოლოგიური დაცვის სკოლის საინჟინრო ათეულთა მეთაურებისა და პირველი კლასის რადიოოპერატორების მომზადების კურსების გამოსაშვები ცერემონიალი გაიმართა.
სერტიფიკატების გადაცემამდე ცერემონიალზე სახელმწიფო ჰიმნი შესრულდა, შემდეგ კი ჯარისკაცებმა სამშობლოსთვის ბრძოლაში და სამშვიდობო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.
გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ კურსანტებს სასწავლო პროგრამების დასრულება მიულოცა და აღნიშნა, რომ მსგავსი კურსები საქართველოს შეიარაღებული ძალების შემდგომი წინსვლისთვის უმნიშვნელოვანესია.
ღონისძიების დასასრულს კურსდამთავრებულები დეკანოზმა ალექსანდრე სტეფნაძემ დალოცა.